ზოგიერთმა კომპანიამ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეების მომსახურებაზე. ეს არის ქსენოფობიის გამოვლინება, რაც ძალიან სახიფათოა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს მიიღო და რომელიც არ უშვებს დისკრიმინაციას არანაირი ნიშნით, მათ შორის არც ეთნიკური თუ მოქალაქეობის ნიშნით.
„მოხალისე მებრძოლების უკრაინაში გაგზავნაში სახელმწიფოს ჩარევის საკითხზე მე ბევრი განცხადება ვნახე სოციალურ ქსელებში. ადამიანები ხუჭავდნენ თვალებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ამ პროცესში ჩარევა აღიქმებოდა, როგორც კონფლიქტში ჩარევა. ამის მიჩუმათება და ამაზე ყურადღების არგამახვილება ხდებოდა და ეს წარმოჩინდებოდა მხოლოდ როგორც სოლიდარობის აქტი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იქნებოდა აღქმული ჩარევად. დღესა ასევე გაიმართა ბრიფინგი რუსი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაზე - აქაც, სამწუხაროდ, სამოქალაქო ჯგუფები და ორგანიზაციები, რომელთა ამოცანაც ადამიანის უფლებების დაცვა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, ასეთ კრიტიკულ მომენტებში არიან ხოლმე ჩუმად. ამ დღეების განმავლობაში აგორდა კამპანია საქართველოში მყოფი რუსი მოქალაქეების მიმართ. ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მხოლოდ ვიზებზეა საუბარი, არადა ზოგიერთმა კომპანიამ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეების მომსახურებაზე. ეს არის ქსენოფობიის გამოვლინება, რაც ძალიან სახიფათოა. ეს ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს მიიღო. ეს კანონი არ უშვებს დისკრიმინაციას არანაირი ნიშნით, მათ შორის არც ეთნიკური თუ მოქალაქეობის ნიშნით“, - ამბობს პაპუაშვილი.