პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს მორის ყვითელაშვილმა კაცთა შეჯიბრების თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და მსაჯებისგან 170.64-ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი მისმა მაჩვენებელმა 268.62 ქულა შეადგინა. შედეგად, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეათე ადგილით დაასრულა.
მორისი პეკინში ორიგინალური თავისუფალი პროგრამით წარსდგა, რომელიც რთული ხტომებისა და ეფექტური მხატვრული ელემენტებისგან შედგებოდა.
პეკინის ოლიმპიურ ყინულზე თავისუფალ პროგრამაში მიღებული ქულები ყვითელაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ორჭიდის ჯამში შარშან, როსტელეკომის თასზე ნაჩვენები თავისივე შედეგი 2.29 ქულით გააუმჯობესა, რაც პეკინში 7 თებერვალს ეფექტურად შესრულებულმა მოკლე პროგრამამ განაპირობა. აქ მორისმა მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო შეფასება - 97.98 ქულა და მეხუთე ადგილი დაიმსახურა. აქამდე ქართველი მოციგურავის საუკეთესო მაჩვენებელი 95.37 ქულა იყო, რომელიც შარშან იმავე როსტელეკომის თასზე მიიღო და ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
აქამდე ერთეულთა თანრიგში საუკეთესო ოლიმპიური შედეგი 2006 წელს, ტურინის თამაშებზე გვქონდა. მაშინ ელენე გედევანიშვილმა ქალთა შეჯიბრებაში ასევე მეათე ადგილი დაიკავა.