ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრება მეექვსე ადგილით დაასრულა.
ქართველ მოციგურავეთა გუნდმა - მორის ყვითელაშვილმა, კარინა საფინა/ლუკა ბერულავამ, მარინა კაზაკოვამ/გიორგი რევიამ და ანასტასია გუბანოვამ - მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო იგივე რაოდენობის ქულების (22 ქულა) დაგროვება, რაც ოლიმპიადის მასპინძელმა ჩინეთის ნაკრებმა.
ვინაიდან მეხუთე გუნდის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი კრიტერიუმების ამუშავება, სადაც საუკეთესო ორი შედეგის ჯამი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონების სიუ და ჰანის წყალობით, რომლებმაც საკუთარ გუნდს (ჩინეთს) მაქსიმალური 10 ქულა მოუტანეს, საქართველოს ნაკრები დარჩა ხუთეულს მიღმა და მე- 6 საპატიო ადგილით დაასრულა გუნდური ასპარეზობა.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ გუნდურ შეჯიბრზე ისტორიაში პირველად ასპარეზობდა.
ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები 8 თებერვლიდან, მორის ყვითელაშვილის გამოსვლით ჩაერთვება.
ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის ფინალში 5 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისათვის - რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა და ჩინეთი.
ფოტოზე: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა/Reuters