საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ესაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მოხარულია, რომ პარტნიორების მხრიდან ხედავს მხარდაჭერასა და ინტერესს, რათა პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგს ხელი შეუწყონ.
"ვესაუბრე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგის მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გასულ დღეებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" წარმომადგენლებს ვიქტორ ყიფიანსა და გიორგი აბაშიშვილს , ექსპერტ ლაშა ტუღუშს, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძესა და სხვებს.
რამდენიმე დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით, ტელეჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გასულ წელს, პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, სახალხო დამცველთან, სახელმწიფო ინსპექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ეროვნული თანხმობის პროცესის მნიშვნელობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად 2021 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სამიტზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირობას დებს, ხელს შეუწყობს ინკლუზიური პროცესის წამოწყებას, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, აიღო შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება.
16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყების აუცილებლობაზე.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.