საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს ეკა გიგაურს და პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურ მდივანს მარიამ ჯაშს შეხვდა.
მარიამ ჯაშის განცხადებით, მან დაუდასტურა პრეზიდენტს, რომ მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.
"მე მაქვს მოლოდინი და დღეს დავუდასტურე ქალბატონ სალომეს, რომ ვარ მზად, აქტიურად ვიყო ჩართული იმ პროცესში, რომელიც, ეროვნული თანხმობის, საზოგადოების საერთო ღირებულებების და ხედვების გარშემო გაერთიანებისკენ იქნება ორიენტირებული და მხოლოდ მივესალმები ამ პროცესს", - თქვა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მოინახის.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან რაიმე გამოსავალი ვნახოთ. ერთ-ერთი გამოსავალი ცხადია არის ეს, რომ ჩვენ შევთანხმდეთ კონკრეტულ საკითხებზე, თუ როგორ მიგვყავს ქვეყანა წინ, იმიტომ რომ თუ ქვეყანა იქნება უკეთეს მდგომარეობაში, ჩვენი მოქალაქეებიც უკეთესად იცხოვრებენ და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტივა, რომ გახდეს და ევროკავშირის და ნატოს წევრი, იქნება უფრო რეალისტური", - თქვა ეკა გიგაურმა.
დღის განმავლობაში პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც შეხვდება.
23 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერს, დეპუტატ თაკო ჩარკვიანს, პარლამენტის ყოფილ წევრს ენძელა მაჭავარიანს, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს გიგა ბოკერიასა და გიგი წერეთელს, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს გიორგი ხოჯევანიშვილს, ანა ბუჩუკურს, ნათია მეზვრიშვილსა და კახა ქემოკლიძეს.
მანამდე პრეზიდენტმა ასევე უმასპინძლა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას. შეხვედრები გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის, "ქართული ოცნების", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "მოქალაქეების" "ხალხისთვის" ლიდერებთანაც.
ეროვნული თანხმობის პროცესის მნიშვნელობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად 10 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სამიტზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირობას დებს, ხელს შეუწყობს ინკლუზიური პროცესის წამოწყებას, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, აიღო შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება.
16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყების აუცილებლობაზე.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.