საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიცირებულ დემოკრატიის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
"მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ბაიდენს ასეთი მნიშვნელოვანი სამიტის ინიციირებისთვის.
ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ,
ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, უპირისპირდებიან რა კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს:
გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას.
დამატებით, ახალი და არატრადიციული საფრთხეები აღმოცენდა, რომელთა სამიზნე, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტებია. დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში ახლა ომის ჰიბრიდული მეთოდების საფრთხე ემუქრება, მათ შორის კიბერთავდასხმები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლა და იძულება.
ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის.
დაბოლოს, ის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია.
როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.
ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახვინა.
საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:
სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.
ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.
ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია.
ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას.
თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.
ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება".