ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წევრის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ჟირინოვსკის წინადადებას პერსპექტივა არ აქვს
"არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს იმისა,
რომ ჟირინოვსკის წინადადების განხილვა თუნდაც ევროპის საბჭოს რომელიმე კომიტეტში სერიოზულ დონეზე მოხდეს", - აცხადებს თარგამაძე ჟირინოვსკის მიერ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის ინიციატივაზე კომენტირებისას.
თუმცა, ქართველი დეპუტატის თქმით, რუსეთის დელეგაციას, ისე როგორც სხვა დელეგაციებს აქვს უფლება ორგანიზაციაში საკითხის დასმის.
"მაგრამ რამდენად ექნება პერსპექტივა ჟირინოვსკის ამ ინივიატივას, ამაზე მსჯელობა სერიოზული ანალიზის ფარგლებს სცდება", - განმარტავს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის წინადადებით პარლამენტის ქვედა პალატას დღეს მიმართავს.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის დელეგაციამ ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე უნდა დააყენოს.
"ეს იქნება პასუხი საქართველოს ქმედებებზე. არსებობს ევროკავშირის დასკვნა, სადაც საქართველო აგრესორადაა აღიარებული. საქართველომ სექტემბრის სესიაზე რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერება მოითხოვა, მაგრამ ეს რეზოლუცია არ მიიღეს, რადგან ბევრი არგუმენტი, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იყო. Aახლა კი, ევროკავშირის დასკვნაზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენის მხრივ გამოვიდეთ ინიციატივით, არ ვაღიაროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება", - განაცხადა ჟირინოვსკიმ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მსგავსი საკითხი ევროსაბჭოში ქართულმა მხარემ უკვე დააყენა, თუმცა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.