რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ 28 დეკემბერს ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალის" აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით "საერთაშორისო მემორიალი" და მისი რეგიონალური განყოფილება ლიკვიდირებულია.
სასამართლოსთან მყოფი ორგანიზაციის მხარდამჭერები გადაწყვეტილებას პროტესტითა და შეძახილებით "სირცხვილია" შეხვდნენ. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. როგორც სააგენტო იუწყება, დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი "მემორიალის" მხარდამჭერი ტრანსპარანტების გაშლის მცდელობისთვის დააკავეს.
ნოემბერში პროკურატურამ განაცხადა, რომ "მემორიალის" ორი სტრუქტურის ლიკვიდაციის განზრახვა ჰქონდა. პირველი სარჩელი საგანმანათლებლო საზოგადოება "მემორიალის" ლიკვიდაციის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამრთლოში შეიტანა. მეორე კი - უფლებათა დაცვის ცენტრ "მემორიალის" ლიკვიდაციის შესახებ მოსკოვის პროკურატურამ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში წარადგინა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, "მემორიალის" მხრიდან გამუდმებით ხდებოდა რუსეთის ფედერაციის კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების დარღვევა. ამასთან, პროკურატურამ განაცხადა, რომ "მემორიალი“ უცხოეთიდან იღებდა დაფინანსებას პოლიტიკური საქმიანობისათვის სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენისა მოხდენისა და საზოგადოებრვი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.
სასამართლო პროცესის დროს პროკურატურამ "მემორიალი" დაადანაშაულა "საბჭოთა კავშირისთვის ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯის შექმნასა და ნაციტური დამნაშავეების რეაბილიტაციაში".
"საერთაშორისო მემორიალი" გენერალური პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს. ორგანიზაციის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის კანონიერი საფუძვლები არ არსებობს. მათივე განცხადებით, "მემორიალი" სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"მემორიალის" წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ნობელის პრემიის ლაურეატებმა, საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა და "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს, გაეწვია სარჩელი სასამართლოდან და საკითხი სასამართლოს გარეშე მოეგვარებინა.
"მემორიალის" ლიკვიდაციის პროცესის შეჩერებისკენ რუსეთს ევროპის საბჭომაც მოუწოდა.
"მემორიალი" ერთ-ერთი უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციაა რუსეთში. საზოგადოება დაარსდა 1989 წლის იანვარში. მისი პირველი თავმჯდომარე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრეი სახაროვი.
ორგანიზაცია 30 წელზე მეტია იკვლევს საბჭოთა ტოტალიტარულ წარსულსა და რეპრესიებს. "მემორიალმა" შექმნა ფასდაუდებელი მონაცემთა ბაზა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მილიონობით ინფორმაციას შეიცავს.