გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დაესწრება პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ გამოცხადებული დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად.
"გენერალურმა მდივანმა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოწვევა პეკინის ზამთრის თამაშებზე დასასწრებად", - თქვა სტეფან დუჟარიკმა, გუტერეშის სპიკერმა.
შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ, ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევების ფონზე, პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში მიიღებს "მკაცრ კონტრზომებს".
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.