გაერთიანებულმა სამეფომ პეკინის ოლიმპიადა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯონსონის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთგზის მხილებული ჩინეთი მასპინძლობს, არცერთი ბრიტანელი ოფიციალური პირი არ დაესწრება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლონდონი სპორტულ ბოიკოტს არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანელი სპორტსმენები შეუფერხებლად იასპარეზებენ ოლიმპიურ თამაშებზე.
ცოტა ხნით ადრე, პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს შეერთბულმა შტატებმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში მიიღებს "მკაცრ კონტრზომებს".
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.