კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა შეუერთდება პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს, იტყობინება CBC News.
ოტავამ ეს გადაწყვეტილება ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ არსებული შეშფოთების გათვალისწინებით მიიღო.
შედეგად, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს კანადის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან, მაგრამ კანადელი სპორტსმენები შეძლებენ ამ საერთაშორისო შეჯიბრებებში ასპარეზობას.
"კანადა კვლავ ძალზედ შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობებით. შესაბამისად, ჩვენ არ გავგზავნით დიპლომატიურ წარმომადგენლობას პეკინში ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე. გავაგრძელებთ ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ მსოფლიოს მასშტაბით ასპარეზობისთვის", - წერს ტრიუდო სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნით ადრე, პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში მიიღებს "მკაცრ კონტრზომებს".
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.