უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი უკრაინაში სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი თვითმფრინავით პირდაპირ უკრაინაში ჩაფრინდება.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ონლაინ -შეხვედრის დროს ისაუბრა.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სიგნალებზე, რომ ის მზადაა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და უკრაინას ეწვიოს.
„ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩამოვიდოდა. ის ომის დასრულების გეგმის მხარდაჭერაზე საუბრობს. მე ვუთხარი, რომ მისი ნახვა გაგვიხარდებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ სასურველია, თუ აშშ-ის პრეზიდენტი არა პოლონეთში, არამედ პირდაპირ უკრაინაში ჩაფრინდება.
„რადგან თუ პრეზიდენტი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკრაინაში ჩაფრინდება - და სასურველია, რომ ის უკრაინაში ჩამოფრინდეს პოლონეთის ნაცვლად და შემდეგ მატარებლით იმგზავროს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტისთვის ნებისმიერ დროს, როდესაც ის ამისთვის მზად იქნება, როდესაც ამისთვის ყველა შესაძლებლობა იქნება და როდესაც უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.