აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიის მხარდამჭერ ვირტუალურ სამიტს მასპინძლობს.
სამიტს, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო, ესწრებიან მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რათა ჩამოყალიბდეს დემოკრატიული პროცესების განახლების პოზიტიური დღის წესრიგი.
სამიტი, რომელიც პარასკვეს, 10 დეკემბერს გაგრძელდება, იმართება ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გასაძლიერებლად ავტოკრატიული რეჟიმების აღმასვლის ფონზე.
ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიო ლიდერებს შესთავაზებენ განაცხადონ "შიდა მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად კონკრეტული ზომებისა და ვალდებულებების შესახებ" დემოკრატიული მიზნების შესაბამისად.
სამიტზე მიწვეულია 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ლიბერალური დემოკრატიები, შედარებით სუსტი დემოკრატიის წარმომადგენლები და რამდენიმე სახელმწიფო ავტორიტარული მახასიათებლებით. სამიტზე რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, თურქეთი და უნგრეთი მიწვეულნი არ არიან.
საქართველოს მხრიდან სამიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
"დემოკრატიის ინდექსის" თანახმად, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ადგენს, 77 მიწვეული ქვეყნა განეკუთვნება თავისუფალ ან სრულად დემოკრატიულ, 21 ნაწილობრივ თავისუფალ, 3 კი - არათავისუფალ სახელმწიფოს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ მიწვევა არ ნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან ეს ქვეყნები მოწონებას იმსახურებენ.
"ნებისმიერი დემოკრატია - ეს არის სამუშაო, რომელიც გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარყოფით ნიშანს ვუსვამთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოგვიწვევია. ჩვენ მოვიწვიეთ განსხვავებული ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ისაუბრონ გლობალურ ძალისხმევაზე დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა ფსაკიმ.
ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ ცინ განმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც გმობენ სამიტს და აღნიშნავენ, რომ ის არის "ცივი ომის მენტალიტეტის მორიგი პროდუქტი".
განცხადებაზე, რომ სამიტი განხეთქელებას ნერგავს, ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის იმუშავებს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაზე.
"ეს ის არ არის, რისთვისც ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ," - დასძენს ფსაკი.