" ქართველი პარლამენტარები გამორიცხავენ, რომ ჟირინოვსკის წინადადება ევროსაბჭოს რომელიმე დეპუტატმა გაიზიაროს.
როგორც ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წევრი აკაკი მინაშვილი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის ინიციატივაზე კომენტირებისას აცხადებს, მსგავსი იდეების გახმოვანება მხოლოდ კრემლის ინტერესების ნაწილია.
"ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველს ტალიავინის დასკვნა არ იძლევა. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ აგრესორი რუსეთია და აქედან გამომდინარე, ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც სანქციები უნდა დაწესდეს სწორედ ისაა", - მიიჩნევს ქართველი დეპუტატი.
დავით დარჩიაშვილის თქმით კი, რომელიც ასევე ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წევრია, "ძალიან მცირე ალბათობაა, რომ რუსეთს ჟირინოვსკის წინადადების გატანა გამოუვიდეს".
"ძალიან მცირე ალბათობაა, რომ რუსეთს ამ მხრივ რამე გამოუვიდეს. მეტიც, ვფიქრობ, რომ გამორიცხულიც კია ეს აზრი სერიოზულად ვინმემ გაითვალისწინოს და გაიზიაროს", - აცხადებს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის წინადადებით პარლამენტის ქვედა პალატას დღეს მიმართავს.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის დელეგაციამ ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე უნდა დააყენოს.
მსგავსი საკითხი ევროსაბჭოში ქართულმა მხარემ უკვე დააყენა, თუმცა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.