ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსულ სააგენტო "როსია სეგოდნიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი "რუსეთის ტერიტორია" გახდა მას შემდეგ, რაც ნახევარკუნულზე "რეფერენდუმი" ჩატარდა.
"დე-ფაქტო ყირიმი - ეს რუსეთის ყირიმია. რეფერენდუმის შემდეგ დე იურე ყირიმი რუსეთის გახდა", - განაცხადა ლუკაშენკამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ყირიმში ჩასვლას აპირებს და რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე შეუთანხმდა, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ დადგენილი არ არის.
ლუკაშენკას თქმით, "ყირიმში ჩასვლით ის აღიარებს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენელი ნაწილია".
ყირიმის ანექსია
2014 წლის 26 თებერვალს პრორუსმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს ყირიმის პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე. მომდევნო დღეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები.
2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილების შეყვანაზე რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე. 11 მარტს კრემლის მიერ მართული ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი - ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
2014 წლის 18 მარტს ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.