სახელგანთქმული ბრიტანელი მომღერლის, ადელის ახალი ალბომი "30" წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა.
ადელის ახალმა ალბომმა გაყიდვების მაჩვენებლით გადაუსწრო პოპულარული შვედური ჯგუფის ABBA-ას ახალ ალბომს Voyage.
გამოშვებიდან პირველ კვირაში ადელის ალბომის 261 000 ეგზემპლარი გაიყიდა, მაშინ როდესაც 40-წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული ABBA-ს ალბომი 204 000 ტირაჟით გაიყიდა.
ახალ ალბომში, სახელწოდებით "30", 12 კომპოზიციაა შესული. ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე, პოპ ვარსკვლავის ახალ პროექტს მეტსახელად "განქორწინების ალბომი" ეწოდა, რადგან იგი შეიქმნა მომღერლის ცხოვრებაში რთული პერიოდის შემდეგ და კომპოზიციების უმრავლესობა მის პირად გამოცდილებას ასახავს.
ალბომის ანონსში ადელი წერდა, რომ ეს წლები მის ცხოვრებაში ყველაზე "ტურბულენტური პერიოდი" იყო, მაგრამ მან გაართვა თავი სირთულეებს და ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობს, ვიდრე ოდესმე.
ალბომის ოფიციალურ გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე, ადელმა ახალ ალბომში შემავალი სინგლი "Easy on me" გამოუშვა, რომელსაც თავრუდამხვევი წარმატება ჰქონდა და დღემდე ინარჩუნებს მუსიკალურ ჩარტებში.
"30" ადელის მეოთხე ალბომია. მომღერლის მესამე ალბომი "25" 2015 წელს გამოვიდა. მუსიკალური კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ "30" შეიძლება გახდეს ბრიტანელი მომღერლის ყველაზე ძლიერი და საუკეთესო კრებული.
ადელი გრემის 15 ჯილდოს მფლობელი და პირველი მუსიკოსია, რომელმაც ორჯერ მიიღო გრემი "წლის ალბომის", "წლის ჩანაწერისა" და "წლის სიმღერის" ნომინაციებში.
ადელს სიმღერა Skyfall-ის შესრულებისთვის ოსკარი და ოქროს გლობუსიც მოიპოვა.