შეერთებული შტატები რუსულ გაზსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
22 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესედება მილსადენის პროექტსა და კრემლთან დაკავშირებულ კომპანია Transandria-ს და ორ ხომალდს, რომელთაგან ერთ-ერთი ამ კომპანიას ეკუთვნის.
ამ დროისთვის, შეერთებული შტატების მიერ სანქციების ქვეშ იმყოფება, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებული სულ 8 იურიდიული და ფიზიკური პირი და 17 ხომალდი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახალი სანქციების შემოღება შეესაბამება ვაშინგტონის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება გაზსადენის მშენებლობას.
ბლინკენი განცხადებაში დასძენს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, აშშ აგრძელებს მუშაობას გერმანიასა და პარტნიორებთან, რათა შემცირდეს ის რისკები, რომელსაც გაზსადენი უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს უქმნის.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგისტრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია.
მილსადენი, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
ბოლო თვეების განმავლობაში, მილსადენის საკითხი მწვავე უთანხმოების საგანი იყო გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან ვაშინგტონი თვლიდა, იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბერლინმა და ვაშინგტონმა მილსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მილსადენის პროექტისთვის სანქციების დაწესებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა მისი დასრულება.