მიანმარის ხელისუფლებიდან ძალისმიერი გზით ჩამოგდებულ, სახელმწიფო კანცლერ აუნ სან სუ ჩის სამხედრო ხუნტამ ბრალად არჩევნების გაყალბებაც წარუდგინა.
აუნ სან სუ ჩისთან ერთად აღნიშნული ბრალი კიდევ 15 ადამიანს წარედგინა, მათ შორის გადაყენებულ პრეზიდენტსა და დედაქალაქის მერს.
აუნ სან სუჩი მიანმარში თებერვალში კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ხუნტის განცხადებით, სან სუ ჩის შინაპატიმრობაში სახარბიელო პირობებში ამყოფებენ.
სამხედრო ხუნტა, რომელმაც თებერვალში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, სამხედრო გადატრიალებას იმით ხსნიდა, რომ თითქოს გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში გაუგონარი მასშტაბის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამის წყალობით გაიმარჯვა აუნ სან სუ ჩის პარტიამ.
არჩევნების დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მტკიცებით, კენჭისყრა ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იყო და სან სუ ჩის წინააღმდეგ ბრალდებები ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
ხუნტამ სან სუ ჩის დაკავების შემდეგ სხვადასხვა ბრალდება წაუყენა, მათ შორის კოლონიალური ეპოქის ოფიციალური საიდუმლოების კანონის დარღვევა, კორუფცია, უკანონო რადიო აღჭურვილობის ფლობა, ამბოხის წაქეზება, იმპორტისა და ექსპორტის კანონის დარღვევა, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ კანონის დარღვევა, დიდძალი ოქროსა და 600 000 დოლარის უკანონოდ მიღება.
"ბრალდებები გაურკვეველია, რადგან ადვოკატებს ხელი არ მიუწვდებათ გაეცნონ პირველად ინფორმაციას და პოლიციის სხვა დოკუმენტურ მასალას", - აცხადებენ ადვოკატები.
როგორც BBC-ი აუნ სან სუ ჩის პირად ექიმზე დაყრდნობით იუწყება, ხუნტას განზრახული აქვს, რომ ქვეყნის დამხობილ ლიდერს 104-წლიანი სასჯელი განუსაზღვროს.
სამხედრო გადატრიალება მიანმარში
1962 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მიანმარის მმართველობის ფორმა სამხედრო დიქტატურა იყო. ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო. 2020 წლის ნოემბერში "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მეთაურობით არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.
შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი შედეგები გააუქმეს.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. დააკავეს მიანმარის ლიდერი 75 წლის აუნ სან სუ ჩი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი.
ამბოხებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, სამხედრო ხუნტის ლიდერმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ორი წლით, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.
საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალებას, არ ცნობს დროებით მთავრობას და აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წყდება, რომელსაც სასტიკად ახშობენ უშიშროების ძალები. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 900 -ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 6000 -ზე მეტი.