ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სამი ვარიანტი გამოყო: ცალკეული ქვეყნების გრანტები, ახალი ერთობლივი ვალი ან გაყინული რუსული აქტივების გამოყენება. ინფორმაციას Reuters ევროკომისიის პრეზიდენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის „გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები“ 2026 და 2027 წლებში დაკმაყოფილდება.
წერილში ფონ დერ ლაიენმა მიუთითა, რომ ამისთვის 135.7 მილიარდი ევროა საჭირო.
„ჩვენ განვსაზღვრეთ სამი ძირითადი ვარიანტი: მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერა გრანტების მეშვეობით, კრედიტი - დაფინანსებული ევროკავშირის მიერ ფინანსურ ბაზრებზე აღებული სესხით ან კრედიტი - დაკავშირებული გაყინული აქტივებიდან მიღებულ თანხებთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ვარიანტების გაერთიანება ან თანმიმდევრულად გამოყენება შესაძლებელია.
ცალკე, ევროკომისიის პრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნას მიღებული და მზად იყოს დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე დასამტკიცებლად.
„სიტუაციის აქტუალურობის, ვარიანტების ცვალებადი სირთულისა და 2026 წლის მეორე კვარტალში გადახდების დაწყების აუცილებლობის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ვარიანტებიდან ნებისმიერი შეიძლება გარდამავალ და დროებით ღონისძიებად იქცეს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მაგალითად, მითითებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ანაზღაურებადი მხარდაჭერა ან კრედიტის აღება „შეიძლება იყოს დროებითი გადაწყვეტილებები“ კავშირის ახალი გრძელვადიანი ბიუჯეტის მიღებამდე, რომელიც ძალაში შევა 2028 წელს და შეიძლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტების გარანტიის ფუნქციას ასრულებდეს.