საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
როგორც წულუკიანი ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათ შორის გამონაკლისი არ არის მიხეილ სააკაშვილი.
„მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე. ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა ზოგიერთი თავისი სურვილის შეუსრულებლობას. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტის, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა“, - თქვა წულუკიანმა.