ნატო-ს 14 ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო წვრთნები, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გერმანიისა და ნატო-ს 13 წევრი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ალიანსის ტერიტორიების დაცვის მიზნით დაიწყეს ყოველწლიური წვრთნები ბირთვული იარაღის გამოყენებით. მანევრებში სახელწოდებით "მტკიცე შუადღე" (Steadfast Noon) ჩართულია ათობით თვითმფრინავი, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები და სადაზვერვო თვითმფრინავები.
ოფიციალური მონაცემებით, წელს სწავლება ალიანსის ტერიტორიის სამხრეთ საჰაერო სივრცეში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებული იყოს ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ბომბი, რომელიც დაუდასტურებელი მონაცემებით, ინახება ჩრდილოეთ იტალიაში გედის სამხედრო ავიაბაზაზე. ამასთან, ნატო-ში არ აკონკრეტებენ წვრთნების ზუსტ ადგილმდებარეობასა და სხვა დეტალებს.
სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, სწავლების დროს მოხდება ამერიკული ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება მიწისქვეშა საცავიდან და მისი მიმაგრება გამანადგურებლებთან. თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბის გარეშე შესრულდება.
ნატო-ს ბირთვული პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ პარტნიორ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ გამოიყენეონ ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის ბირთვული ქობინები. ოფიციალურად დაუდასტურებელი მონაცემებით, ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია ასევე ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.
უნდა ითქვას, რომ სამხედრო ექსპერტები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აფასებენ ბირთვული ომის საფრთხეს. ამის მიზეზი საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან აშშ-სა და რუსეთის გასვლა სახელდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, რუსეთის მიერ 9M729 ტიპის რაკეტის შემუშავება გახდა, რომელსაც 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა. ვაშინგტონი და ნატო მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ახალი რაკეტის შექმნით ხელშეკრულება დაარღვია.