ჰუმანური ძალა ვართ, კი ბატონო, ბევრი სისუსტით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერები არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ აქვთ უფლება, საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, თუმცა დემოკრატიაში იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი ხმა აქვს.
„პირველი ტურის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ადვილი არ არის. ბოროტმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ. კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს და, რომელიც ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, არის მეორე ტური და ყველამ, ვინც ადგილობრივ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებაშია, აქედან სწორი ანალიზი უნდა გამოიტანოს.
„ჩვენ უნდა გავიგონოთ ის შენიშვნები, რაც ჩვენს ამომრჩეველს აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.