„ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან ბევრი საუბარია შერიგებაზე, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქით, ისინი ვინც მისი ჩათვლით მეორე მხარეს დგანან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს
„გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ვინც ციხეებში სცემეს, ვისაც მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს; იმ ადამიანებს, ვისაც ე.წ ბუნტის დროს, ორთაჭალის ციხეში ძმები და შვილები ჩაუხოცეს. აი, პირველ რიგში, მათ უნდა სთხოვონ შერიგება-პატიება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ პატიება რომც ითხოვონ და მეორე მხრიდან ამ თხოვნას პატიება მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბოროტი ძალა ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ეს არ მოხდეს. ეს არის სწორედ ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ანუ, წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა წულუკიანმა.