"მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მითუმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის დამძიმებას.
გიგი წერეთლის განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან ერთად, არის მისი თავისუფლება, რაც მალევე უნდა მოხდეს.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაქვს 2 წყარო, ერთი არის ოფიციალური პენიტენციური სამსახურის, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი პარამეტრები ნორმაშია, მაგრამ მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მითუმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს, რა თქმა უნდა ამას სჭირდება მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი, მითუმეტეს, როცა არსებობს თანმხლები დაავადებაც, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მათზე ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და დღეს საპატიმროში გამოკეტა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ახლა მთავარი ამოცანა მის ჯანმრთელობასთან ერთად არის მისი თავისუფლება, რაც მალევე უნდა მოხდეს!", - თქვა წერეთელმა.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.