გერმანიის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მცირე უპირატესობით მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა (SPD) მოიპოვა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ანგელა მერკელის პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ხელისუფლებაში ყოფნა დასრულდა.
SPD-ის ლიდერმა, კანცლერობის პრეტენდენტმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მან მიიღო ამომრჩეველთა მკაფიო მანდატი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
გერმანიის ორი უმსხვილესი პარტია, სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი წლების განმავლობაში კოალიციის ფორმატში მართავდა ქვეყანას. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მას აღარ სურს ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მთავრობის ფორმირება, და ახალი კოალიციის შექმნას "მწვანეებთან" და "ლიბერალებთან" ერთად გეგმავს.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა მცირე უპირატესობით დაჯაბნეს ქრისტიან დემოკრატები.
SPD - სოციალ-დემოკრატიულ პარტია - 25.7% - 206 მანდატი ბუნდესტაგში;
CDU/CSU - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი CSU - 24.1% - 196 მანდატი;
მწვანეები - 14.8% - 118 მანდატი;
FDP - თავისუფალი დემოკრატები - 11.5% - 92 მანდატი;
AFD - ალტერნატივა გერმანიისთვის - 10.3% - 83 მანდატი;
Linke - მემარცხენეები 4.9% - 39 მანდატი;
სხვა პარტიები - 8.7%
წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, გერმანიაში იწყება ახალი კოალიციის შექმნის პროცესი. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას.