"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება, რომლითაც ის მასსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა, მეტისმეტად რბილი იყო.
კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს უფრო მკაფიოდ უნდა დაეგმო ნიკა მელიას ქმედება, რადგან ასეთი რბილი განცხადება შესაძლოა, მელიამ აღიქვას, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის.
"ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ. შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ამ შემთხვევაში. სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი მელიას - "ნაძირალა".
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სადაც მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა მიესალმა იმ ფაქტს, რომ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.