საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ, ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას ეხმიანება.
კარლ ჰარცელის კომენტარს ეროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.
ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.
არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა.
საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა",- აცხადებს კარლ ჰარცელი.