"საქართველოს გზის" ყოფილი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი თბილისს დღეს დატოვებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, აშშ-ში გამგზავრებამდე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხებს. კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00 საათზე გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს ახლადშექმნილ კომისიას უხელმძღვანელებს, რომელიც მისივე განმარტებით, ირანზე დაწესებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ სანქციებზე იმუშავებს.
ზურაბიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად საქართველოში დემოკრატიის არარსებობა დაასახელა და გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა შეუძლებელია.
მისივე თქმით, იგი ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ არ წასულა. ეს მისი ტაიმაუტია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, აუცილებლად დაბრუნდება.
სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული, 1974 წლიდან მოყოლებული უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო რომი (საფრანგეთის საელჩო, მესამე მდივანი), ნიუ-იორკი (გაეროში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივანი), ვაშინგტონი (საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი), ვენა (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი), ბრიუსელი (ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე), პარიზი (საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი).
2003-2004 წლებში ის საქართველოში საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ - 2004 წელს ზურაბიშვილი პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, სადაც ერთი წელი დაყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელობიდან გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაზე განაწყენებული ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდა და 2006 წელს პარტია "საქართველოს გზის" შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა.