საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.
„2021 წლის 2 სექტემბერს, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში გამართავს მატჩს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან. მატჩი ფიფას-ს ეგიდით ტარდება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.