საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრ ბენიკ აბრამიანს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს, რის გამოც შეჯიბრებიდან მოხსნეს.
ინფორმაცია თავდაპირველად უცხოურმა სპორტულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით ტესტების საერთაშორისო სააგენტომაც (ITA) დაადასტურა.
31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად, 36 წლის მძლეოსანს ბირთვის კვრაში სისხლში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.
ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.
ბენიკ აბრამიანი B ჯგუფში, დღეს უნდა გამოსულიყო. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავიშრებით განმარტება გაავრცელა:
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრ, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ-ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი."