ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. მიზეზად შევჩენკომ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ამოწურვა დაასახელა.
„დღეს ამოიწურა ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე შრომის პერიოდი, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რადგან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობა მომცა.
მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის, თითოეული ადამიანის, ვინც გუნდის შენებაში მეხმარებოდა. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ჩვენ ერთად შევძელით გვეჩვენებინა, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და საინტერესოა. მწამს უკრაინის“, – დაწერა ანდრეი შევჩენკომ.
შევჩენკო ნაკრებს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით უკრაინა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა.