ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის. ბექაურის კომენტარი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.
„ახლა წარმომიდგენია, როგორი გახარებულია ჩემი ხალხი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს. მინდა, მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი არის ძალიან ბედნიერი ამ გამარჯვებით.
ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა, და გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ავიხდინე დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ – ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა, და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ, საქართველო და ჩემო ხალხო. დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ქედებს და ჩემს გუდამაყარს. მიყვარხართ", - ამბობს ბექაური.