პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კომიტეტებს მოუწოდა 2011 წლის ბიჯეტის პროექტის განხილვა დროულად დაიწყოს. როგორც ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განმარტა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტში უკვე შემოვიდა და მასზე ყველა შენიშვნის შემუშავება 15 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც იგი უკან მთავრობას გადაეგზავნება.
მთავრობის მდივნის, გია ხუხაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო პარამეტრები უკვე დაზუსტდა.
"ბიუჯეტის 7 მილიარდ 88 მილიონი ლარით გაზრდა მოხდა დამატებითი გრანტების მოზიდვის ხარჯზე, ასევე გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით. პრიორიტეტებად კვლავ რჩება ჯანდაცვა, განათლება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც იქნება დასაბუთებილი და მიმართული არსებული ფინანსური რესურსის კიდევ უფრო გონივრულ გამოყენებაზე მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5387 მილიონი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდის მიზანს, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს სახსრები 11 მილიონი ლარით გაიზრდება, საიდანაც 8.5 მილიონი ლარით გაიზრდება სამედიცინო და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვაზე მიმართული სახსრები, ხოლო 2.1 მილიონი ლარით დამატებით მიიმართება მოსახლეობის სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებაზე. 12.3 მილიონი ლარით გაიზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ფუნქციონირებისათვის, დამატებით 13.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, 13.3 მილიონი ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისთვის და დაფარვისთვის განკუთვნილი ასიგნებები, მათ შორის 11.8 მილიონი ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო 1.5 მილიონი ლარით - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა.
პროექტის თანახმად, წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით, განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება 66.9 მილიონი ლარით. კერძოდ, დაფინანსების ასიგნებები იზრდება 77.4 მილიონი ლარით, მათ შორის 56.6 მილიონი ლარით იზრდება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ასიგნებები, ხოლო თანადაფინანსების ასიგნებები მცირდება 10.5 მილიონი ლარით.