ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანად უნდა ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.
„მინდა გამოვეხმაურო იმ საზარელ, კრიმინალურ ფაქტს, რაც გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მოხდა ამ ქურდების მოყვარული კალაძის რუსული სპეცოპერაციის შტაბთან. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. წლების განმავლობაში, თუნდაც მოყოლებული კორცხელის საზარელი დარბევიდან, თუ როგორ კრიმინალურ ბანდასთან და არა მარტო სამშობლოს მოღალატეებთან, არამედ კრიმინალური აზროვნების ბანდასთან გვაქვს საქმე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და სახელისუფლებო ბერკეტებს. ამ ბანდის ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე და კვირა მიაქანებს საქართველოს იმ უფსკრულისკენ, რასაც საერთაშორისო იზოლაცია და რუსეთის დამონებულ, „კვაზი“ სახელმწიფოდ გადაქცევა ჰქვია. მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით, ქართველებისგან იცლება საქართველო“,- განაცხადა ბარამიძემ.