ძნელია ჩვენი სიყვარული, მაგრამ ვიგრძენით, რომ ჩვენ აქ ვუყვარვართ, თბილმა ადამიანურმა აურამ არც ერთი ჩვენთაგანი გულგრილი არ დატოვა, არ არსებობდა არავითარი ზღვარი ჩვენი და ქართველი მაყურებლის ურთიერთობაში, ნანახმა და ნაგრძნობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ ადამიანური ურთიერთობების ოაზისში ვიყავით ახლა კი რეალობაში ვბრუნდებით - მსგავსი ძალიან ბევრი სიტყვა ითქვა დღეს რუსი რეჟისორებისა და კინემატოგრაფისტების მიერ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების კინოს პირველი ფესტივალის შედეგებს მიეძღვნა.
პრესკონფერენციაზე შეკრებილები რუსი რეჟისორები და კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი მაყურებლისა და ქართული აუდიტორიის გულთბილი მიღების გამო და ამისათვის მადლობის სიტყვებს არ იშურებდნენ.
"უკიდურესად პოზიტიური განწყობილებებით მივდივარ და ჩვენი დელეგაციის ყველა წევრი ამასთან დაკავშირებით ერთსულოვანია. საოცარი ადამიანური თბილი აურით იყო გაჯერებული დარბაზები სადაც ქართული აუდიტორია ფილმებს უყურებდა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემს ნათესავებთან ჩამოვედით, რომლებიც ძალიან გვიყვარს და დიდი ხანია არ გვინახავს. მადლობა ქართველ მაყურებელს ამისათვის", _ აცხადებს რეჟისორი ალექსნდრე პროშკინი.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვას, თუ რატომ გახდა ქართული სტუმართმოყვარეობა და გულთბილი მიღება რუსი სტუმრებისათვის გასაკვირი და რას ელოდნენ ისინი საქართველოში ჩამოსვლისას, კინომცოდნე ლარისა მალიუკოვა ამბობს, რომ საქართველოში ერთგვარი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გრძნობით ჩამოდიოდნენ.
"ჩვენ არ ვიცოდით რა დაგვხვდებოდა აქ. ახლა ხომ ხშირია საუბრები მტრებზე, არაკეთილმოსურნეებზე თუმცა ნანახმა ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უამრავ ფესტივალზე ვყოფილვარ თუმცა რაც მე აქ ვნახე ვერსად ნანახს ვერ შევადარებ. უნდა გენახათ ქართველი მაყურებლის ანთებული თვალები და თანაგანცდის გრძნობა, ამასთან ერთად უდიდესი სითბო რომელიც მათი გულებიდან მოდიოდა _ ამის დავიწყება შეუძლებელია. თბილისს ენით აუწერელი თბილი გრძნობით ვტოვებთ", _ აცხადებს კინომცოდნე.
სტუმრებმა ასევე აღფრთოვანება ვერ დამალეს საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებებით _ "ქალაქში გავედით და ვერ მივხვდით სად ვიყავით, ევროპა გვეგონა, რომელსაც უკვე თითქმის უკვე არაფერი აქვს საერთო იმ საბჭოურთან რომელიც ჩვენ გვახსოვდა. საქართველოში საბჭოეთი არ იკითხება - ხალხი მშვიდად, ერთგვარი ღირსებისა და სიამაყის გრძნობით დადის ქუჩებში და არის ძალიან ბევრი სიკეთე", _ აცხადებენ რუსი რეჟისორები, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდათ, რომელმაც მათ ქალაქი ბათუმი დაათვალიერებინა.
გარდა ბათუმისა, როგორც აღმოჩნდა, რუსმა სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე გრძნობდნენ თუ არა სტუმრები ერთგვარ უხერხულობას ორი წლის წინანდელი მოვლენებზე საკუთარი ქვეყნის გამო. რეჟისორმა კატია შაგალოვამ განაცხადა, რომ ისინი ყველანი ხელოვანები არიან და მათ ნამუშევრებში ყველაფერი კარგადა ასახული.
"ჩვენ ხელოვნების ენაზე ვსაუბრობთ", _ განაცხადა შაგალოვამ, რასაც ფესტივალის პროგრამების დირექტორმა ვიაჩესლავ შმიროვმა დასძინა: "ის რაც დღეს ხდება ამაში ისახება ისტორია, რომელიც თანამედროვე ისტორიაა. გავა დრო და ჩვენ გადავიღებთ ფილმებს ამაზე".
ამას გარდა, რუსმა ხელოვანებმა განაცხადეს, რომ დეკემბრის დასაწყისში ისინი აპირებენ ქართული დოკუმენტური კინოს საღამოს მოწყობას რუსეთში. ამასთან ერთად, მათივე განცხადებით შესაძლოა მომავალ წელს ქართული კინოს ფესტივალი უკვე მოსკოვში გაიმართოს.
რუსული კინოს პირველი ფესტივალი თბილისში 4 ნოემბერს გაიხსნა. ფესტივალის ორგანიზატორები არიან - ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი (თბილისი) და საპროდიუსერო ცენტრი "კინოპროცესი" (მოსკოვი) დსთ-ს ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის მხარდაჭერით. ფესტივალის პრეზიდენტია სსრკ-ს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი. ფესტივალი კინოთეატრ "რუსთაველში" მიმდინარეობდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი.