"დიდი შვიდეულის" ქვეყნები ვაქცინის 1 მილიარდ დოზას დაბალშემოსავლიან ქვეყნებს გაუნაწილებენ. ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯონსონის განცხადებით, ვაქცინის დოზები განაწილდება კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ან სახელმწიფოებისთვის პირდაპირი გადაცემის გზით.
პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანეთი ამ ინიციატივის ფარგლებში ვაქცინის 100 მილიონ დოზას გაიღებს.
ამ კვირის დასაწყისში ჯონსონმა გამოაცხადა, რომ მომავალი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ვაქცინის 100 მილიონ დოზას გადასცემს კოვაქს პლატფორმასა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს.
შეერთებული შტატები იყო პირველი, რომელმაც ვაქცინის დონაციის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაქცინის 80 მილიონი დოზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გაუნაწილდება. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, Pfizer-ისგან დამატებით 500 მილიონ დოზას შეიძენს სხვა სახელმწიფოთა დასახმარებლად.