დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.
ბორის ჯონსონმა ეს განცხადება დიდი შვიდეულის სამიტის წინ გააკეთა, რომელიც ბრიტანეთში, კორნუელის საგრაფოში იწყება. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა მოუწოდა სახელმწიფოთა ლიდერებს, დაეხმარონ სხვა ქვეყნების ვაქცინაციის პროცესში.
მოსალოდნელია, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე, სახელმწიფოთა ლიდერებით შეთანხმდებიან, რომ დანარჩენ მსოფლიოს ვაქცინის 1 მილიარდი დოზა გაუნაწილონ.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პირველი 5 მილიონ დოზას სექტემბრის ბოლოს, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაუნაწილებს. დანარჩები 95 მილიონი დოზის დონაცია კი მომავალ წელს განხორციელდება. ამ გეგმის ფარგლებში, მთლიანი მოცულობის 80% კოვაქს პლატფორმას გადაეცემა, ხოლო 20% განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს გაუნაწილდებათ.
დიდი ბრიტანეთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია.
გასული დღეების განმავლობაში, შეერთებული შტატები იყო პირველი, რომელმაც ვაქცინის დონაციის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაქცინის 80 მილიონი დოზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გაუნაწილდება. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, Pfizer-ისგან დამატებით 500 მილიონ დოზას შეიძენს სხვა სახელმწიფოთა დასახმარებლად.