შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს, რათა ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დონაციის სახით გაუნაწილოს. ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატები მკვეთრად ზრდის ძალისმხმევას გლობალური მასშტაბით ვაქცინის მიწოდებისთვის.
როგორც იუწყებიან, შეერთებული შტატების ამ განზრახვის შესახებ ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში, დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადებს.
ამ განცხადების ფონია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება შეერთებული შტატებისა და სხვა მდიდარი ქვეყნების მიმართ, რომ მათ უფრო მეტი როლი შეასრულონ ვაქცინების გლობალური მიწოდების პროცესში.
მანამდე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ივნისის ბოლომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუნაწილებს. ამ კამპანიის ფარგლებში, ამერიკისგან ვაქცინებს საქართველოც მიიღებს.