ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებს შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქებები მოხდა და გემებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა განაცხადეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტანკერები სტრატეგიული სრუტის გავლით გადაადგილებას იმ მარშრუტით ცდილობდნენ, რომელიც თეირანის მიერ ნებადართული არ იყო.
ირანის არმიის წარმომადგენელმა, მოჰამად აკრამინიამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისა და მეთვალყურეობის გასაძლიერებლად ახალი სისტემები განათავსეს და არსებული შესაძლებლობები გააუმჯობესეს.
მისი თქმით, გემებს, რომლებიც ირანის სამხედრო ძალებთან შეუთანხმებლად გადაადგილდებიან, საფრთხე ემუქრებათ. აკრამინიამ აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე გემი სწორედ ასეთ ვითარებაში შეეჯახა ნაღმებს.
Reuters-ის ცნობით, თეირანმა ვაშინგტონს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას არ აპირებს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება. მათ შორისაა ირანის პორტების მიმართ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ყველა ფრონტზე ომის დასრულება.
ამასთან, კატარის შუამავლობით გადაცემული წინადადების თანახმად, ირანი მზად არის, აშშ-ის მიერ პირობების შესრულებიდან 48 საათში ჰორმუზის სრუტე გახსნას.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ენერგეტიკული ვაჭრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია, რომლის გავლითაც ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიზიდება.