გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზნები უკრაინის ფარგლებს სცდება და მოსკოვი სხვადასხვა რეგიონში დაძაბულობას მასშტაბურად ამწვავებს.
ამის შესახებ გამოცემა The Guardian იუწყება.
„რუსეთმა ზუსტად იცის, რა სურს და მას მხოლოდ უკრაინა არ სურს. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ან ვერ იგებს, როგორია რეალობა მსოფლიოში, ან სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურება - მიზანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ღიაობასა და ლიბერალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, რუსეთი დაძაბულობას ბალტიის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც ამწვავებს.
„ის დაძაბულობას უზარმაზარი მასშტაბით ამწვავებს, მათ შორის აქ, ჩვენს საზღვრებში და ამას ადამიანების სიცოცხლეც ეწირება. ასეთია ვითარება, ქალბატონებო და ბატონებო. სწორედ ამიტომ ჩვენ, ევროპელებმა, რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დავუწესოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც“, - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ეკონომიკის სფეროებში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა და ახლა მათი გადაჭრა გადაუდებელია.
მერცმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერით ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასაც იცავს.
„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ საკუთარ თავს ვუჭერთ მხარს და საკუთარ თავსაც ვიცავთ“, - განაცხადა მან.