შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში ვაქცინის 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.
"დღეს ჩვენ ვდგამთ დამატებით ნაბიჯს მსოფლიოს დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ სანამ პანდემია, რომელიც გლობალური მასშტაბით იზრდება, არ გაკონტროლდება. არცერთი ოკეანე არ არის საკმარისად ფართო, არც კედლებია საკმარისად მაღალი, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული", - თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზიდან 20 მილიონი დოზა იქნება "მოდერნას", "ფაიზერისა" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინები, ხოლო 60 მილიონი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინისა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის 60 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას გაუნაწილებს.
"საზღვარგარეთ შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება გაიზარდოს, რაც უფრო დიდი რისკის წინაშე დაგვაყენებს. სწორედ ამიტომ, უნდა დავეხმაროთ სხვებს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ სახლში და სხვების დასახმარებლად გავაკეთოთ კარგი საქმე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ძალისხმევას ვაქცინების გლობალურ განაწილებაში თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორი ჯეფ ზიენტი უხელმძღვანელებს.