4 ივნისს, 14.00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში (კარგარეთელის 6) გაიმართება თეატრის მკვლევრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლაშა ჩხარტიშვილის დამხმარე სახელმძღვანელოს "უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები" (2001-2020) პრეზენტაცია.
წიგნში განხილულია უახლესი ქართული თეატრის ისტორიის (ბოლო ოცწლეულის) მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ავტორი მსჯელობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: თანამედროვე და უახლესი თეატრის დეფინიცია და საზღვრები, თანამედროვე თეატრის რაობა, უახლესი ქართული თეატრის ძირითადი ტენდენციები, შემოქმედებითი პრობლემები, სარეპერტუარო პოლიტიკა, ექსპერიმენტები ტრადიციულ და ალტერნატიულ სივრცეში, უახლესი ქართული დრამატურგიის ტენდენციებსა და მისი ინტერპრეტაციის საკითხებზე სცენაზე.
ავტორის ყურადღების მიღმა არ რჩება უახლეს ქართულ თეატრში გამოვლენილი თითქმის არც ერთი ფაქტი, მოვლენა თუ ტენდენცია. კერძოდ, თანამედროვე ქართულ დრამატურგიასა და მის წინაშე მდგარი პრობლემები, ქართული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციის საკითხები, საფესტივალო და სარეპერტუარო პოლიტიკა, სადადგმო და საშემსრულებლო კულტურა, ცენზურისა და თვითცენზურის, ტაბუირებული თემების დაძლევის საკითხები. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თეატრმცოდნეობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე თეატრის რაობა, მისია, ამოცანები. ნაშრომის ერთი თავი ეთმობა თანამედროვე სათეატრო კრიტიკას, მის როლსა და დანიშნულებას, მის წინაშე არსებულ პრობლემებს.
წიგნის დიზაინზე იმუშავა დიზაინერმა ნიკა ბორაშვილმა.
წიგნი გამოსცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომეცმლობამ "კენტავრი"; რედაქტორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მაკა ვასაძე, რეცენზენტები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები, პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი და მარინა ხარატიშვილი
ავტორის შესახებ
ლაშა ჩხარტიშვილი - თეატრის მკვლევარი. კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ასოცირებული პროფესორი. უძღვება სალექციო კურსებს ქართული თეატრის ისტორიაში. კვლევის ძირითადი თემებია - ქართული თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხები, ქართული თეატრი და ევროპული თეატრის კონტექსტი.
ლაშა ჩხარტიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მისი შრომები გამოქვეყნებულია ბრიტანულ, რუმინულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, ბულგარულ, უკრაინულ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ და ქართულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. არის საერთაშორისო და ეროვნული სათეატრო ფესტივალებისა და კონკურსების ჟიურის წევრი.
2009 წლიდან თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, 2019 წლიდან ქართული თეატრის ელექტრონული არქივის დირექტორი და ონლაინ პლატფორმა theatrelife.ge მთავარი რედაქტორი, არის თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების (IUTC) ვიცე-პრეზიდენტი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AICT-IATC) წევრი, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თანადამფუძნებელი, სამგზის წლის საუკეთესო სათეატრო რეცენზიის ავტორი (2005, 2009, 2012 წწ.), 2019 წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა ვასილ კიკნაძის სახელობის ჯილდოთი. ლაშა ჩხარტიშვილი არის რამდენიმე მონოგრაფიის, ათობით კვლევისა და ასობით რეცენზიის ავტორი.