არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ქვეყანას, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საარსებო მინიმუმის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ნამდვილად ძალიან ცოტაა 178 ლარი.
„მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხალხის მდგომარეობა გამოსწორდეს. მთავრობას ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული.
„სოციალურ პროგრამებში კარგად ჩაიხედეთ და მაშინ ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის დროს ძალიან ბევრი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული“, - თქვა ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, მსოფლიო პრობლემაა.