მე თვითონ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ნაგავში იქექებიან, მაგრამ ასეთი რამ პარიზშიც ხდება, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საარსებო მინიმუმის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია.
"იმით სპეკულირება, რომ ვაიმე, საქართველოში საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით რატომ შემცირდა, ეს გამოკვლევის თემაა. არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით. სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. ტელევიზიამ თავის დროზე ძალიან ცუდად აიტაცა ჩემი ნათქვამი, როდესაც პირველად ჩამოვედი და ეს რა თქვაო, მსყიდველუნარიანი როგორ არის საქართველო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, მსოფლიო პრობლემაა. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგეთები", - ამბობს ბოლქვაძე.