უკრაინამ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგია დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იტყობინება.
"ჩვენ დავამტკიცეთ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგია, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა მიგვეღო. ეს არის მკაფიო სიგნალი - ჩვენ არამხოლოდ მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ ყირიმის დაბრუნებაში, არამედ თავად უკრაინა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობით, სისტემურად და სერიოზულად არის ამ საქმით დაკავებული", - აცხადებს კულება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ყირიმის დაბრუნების საკითხი 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება.
"სტრატეგია - რომელიც უკვე დამტკიცებულია, კონსოლიდაცია - ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორების ძალისხმევის მობილიზებისთვის, სინერგია – საერთაშორისო სამართლის აღდგენა და ამის შედეგად ყირიმსა და სევასტოპოლზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა", - დასძენს დმიტრო კულება.
2014 წლის 26 თებერვალს პრორუსმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს ყირიმის პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე. მომდევნო დღეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები.
2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილების შეყვანაზე რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე. 11 მარტს მარიონეტულმა ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი - ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
2014 წლის 18 მარტს ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.