ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ ოპონენტებს, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს IRI-ის შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში.
„დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.