"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება წყაროს გამხელა მოითხოვოს.
"მკაფიო წინააღმდეგობაშია კი არა, მკაფიო დარღვევით არის ჩვენი კანონმდებლობით გადადგმული ის ნაბიჯი, რაც ახლა პროკურატურის შუამდგომლობით ახლა სასამართლომ მიიღო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც წერია ძალიან მკაფიო ერთი მთავარი მუხლი - პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური წყაროს გამხელის ვალდებულება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ ეთერში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურის წერილი არის მცდელობა, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტები დააშინონ და მათზე ზეწოლა მოახდინონ.