საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის Covax-პლატფორმიდან ვაქცინის პირველ დოზებს 13 მარტიდან მიიღებს.
თავდაპირველად, ქვეყანაში Oxford/Astrazeneca-ს მიერ წარმოებული 43 200 დოზა შემოვა.
პარალელურაად, ქვეყანა მარტის მიწურულს Pfizer/Biontech-ის ვაქცინის დაახლოებით 29 000 დოზას მოელის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარობს ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებთან, მოდერნასთან, ჯონსონ ენდ ჯონსონსა და ნოვავაქსთან.
საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ამ წლის იანვარში დაამტკიცა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება. აცრა ნებაყოფლობითია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება, თუ რომელი ვაქცინით აიცრას.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების მოცვა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.

დასახული მიზნის მისაღწევად 2021 ქვეყანას წელს დაჭირდება დაახლოებით 3,979,300 დოზა
პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს.
თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმუნიზაციის პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 65 მილიონამდე ლარი და მაქსიმუმ 158 მილიონი ლარი.