„მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა პოზიციების დასაახლოვებლად, პროცესი დაწყებულია", აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
დავით ზალკანიანის განმარტებით, ეს პროცესი შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს დაიწყო, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის და პრემიერ-მინისტრი მყისიერად დაეთანხმა ამ ინიციატივას.
"ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ის უკვე მოვლინებულია საქართველოში. პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. ესაა კომპლექსური პროცესი და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის. კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. ქვეყანას უსერიოზულესი გამოწვევები აქვს რეგიონში უსაფრთხოების, პანდემიის, ეკონომიკის კუთხით. ამიტომ, აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები პარლამენტში გადავიდეს. ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები ამის შესახებ. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამაში ამოიკითხეს ის, რაც მათ სურდათ და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს მოწოდება მხოლოდ ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. მოწოდება ეხებოდა ყველა იმ აქტორს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რომ შევიდეს დიალოგში. პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა ის საკითხი, რაც დღეს აქტუალურია. ხელისუფლების მხრიდან, გამოხატულია პოლიტიკური ნება, რომ იმ თემებზე, რომელზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, უკვე დაიწყოს მსჯელობა და მოხდეს შეთანხმება“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.