ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისა და ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის შესახებ ოპოზიცია უნდა შეჯერდეს.
თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილმა კი პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა დატოვოს.
ფორმულას ეთერში სამადაშვილმა თქვა:
"ოპოზიციამ უნდა შეათანხმოს პოზიცია. ჩემს აზრს ვიტყვი - ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში არ არის სიცოცხლისუნარიანი პროექტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს და არც ის მიმაჩნია, რომ მასთან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.
თუმცა, მოლაპარაკებები, თავისთავად, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ასე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა", - თქვა სამადაშვილმა.
ოპოზიცია ენმ-ის ოფისში დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბება.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.